I. არავერბალური კომუნიკაცია

რა არის არავერბალური კომუნიკაცია

არავერბალური კომუნიკაცია, რომელსაც ხშირად სხეულის ენას უწოდებენ  ინფორმაციის გადაცემის პროცესს წარმოადგენს, რომლის დროსაც ინფორმაცია სამიზნემდე აღწევს არასამეტყველო საშუალებების გამოყენებით. ამ ტიპის კომუნიკაციის დროს ინფორმაცის მატარებელს წარმოადგენს  სახის გამომეტყველება, ჟესტები, პოზა, სხეულის მოძრაობა, შეხება, დეკორატიული დეტალები (ტანსაცმელი, სამკაულები, ვარცხნილობა, ტატუირება). აგრეთვე ხმის ტონი და ტემბრი, მისი სიმაღლე, აქცენტი და ა.შ.
სხავასახვა მონაცემების მიხედვით არავერბალური ინფორმაციის წილი ინტერპერსონალური კომუნიაკციის პროცეში 50%-დან 80%-მდე შეადგენს.
მეჰრაბიანის მოდელი
ალბერტ მეჰრაბიანი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ალბერტ მეჰრაბიანის  მიხედვით კომუნიკაციის პროცესში ვერბალური ინფორმაციის წილი მხოლოდ 7%-ს შეადგენს. დანარჩენი  93% არავერბალურ ინფორმაციაზე მოდის, საიდანაც 38%-ს ხმის ტონს და ინტონაციას უკავია, 55% კი სხეულის ენას - ჟესტებს, მიმიკას, სხეულის მოძრაობას და .. (A Mehrabian (1971), “Silent Messages”, pp. 1-50, Wadsworth, Belmont, California).  
აღნიშნული კანონზომიერება, რომელმაც შემდგომში „7%-38%-55%“ ფორმულის სახელი მიიღო, ალბერტ მეჰრაბიანმა 1967 წელს კლარკის უნივერსიტეტის პროფესორ მორტონ ვინერთან ერთად ადამიანის მიმართ სიმპათიის ფორმირებაზე კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტის ზეგავლენის კვლევის პროცესში აღმოაჩინა (Albert Mehrabian and Morton Wiener (1967). "Decoding of Inconsistent Communications", Journal of Personality and Social Psychology 6 (1): 109–114).ხაზგასასმელია, რომ თავად მეჰრაბიანი აღნიშნავს, რომ მისი ფორმულის ბუკვალურად გაგება და აქსიომატურ დებულებად გამოცხადება შეცდომაა, რადგან  მისი ექსპერიმენტები უკავშირდებოდა გრძნობებისა და დამოკიდებულებების (attitudes) კომუნიკაციის ასპექტებს (მომწონს-არმომწონს). ამიტომ თუ კომუნიკატორის მიერ არტიკულირებული არ არის მისი გრძნობები ან დამოკიდებულებები, მაშინ ფორმულა „7%-38%-55%“ გამოსაყენებელი არ არის (http://www.kaaj.com/psych/smorder.html).
არავერბალურ ინფორმაციას კომუნიკაციის პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს რეი ბერდვისტელი, რომელიც კინესიკის ფუძემდებლად ითვლება. მისი მონაცემების მიხედვით ინტერპერსონალური ურთიერთობის დროს  სოციალური შინაარსების ტრანსლირების 65%-70% კომუნიკაციის არავერბალურ ნაწილზე მოდის.
რეი ბერდვისტელი
გარდა ამისა, ბერდვაისტელმა დაადგინა, რომ დღის განმავლობაში ადამიანის ვერბალური კომუნიკაცის საშუალო სტატისტიკური ხანგრძლივობა 10-11 წუთს შეადგენს, ხოლო ადამიანის მიერ წარმოთქმული თითოეული  წინანადადებება საშუალოდ მხოლოდ 2,5 წამი გრძელდება. 
აღსანიშნავია, რომ ბერდვისტელმა შექმნა ადამიანის უმარტივესი მოძრაობების, პოზებისა და ჟესტების, კინეტიკური მოლეკულებისა და ატომების ატლასი. ადამიანის სხეულის ელემენტარულ ქცევით აქტებს, რომლებიც უმცირეს, დაუყოფელ მოძრაობებს წარმოადგენენ მან კინამები უწოდა. კინამების ხანგრძლივობა იმდენად მცირეა (დაახლოებით 1/50 წმ.), რომ მათი შემჩნევა ძალზედ ძნელია. შედარებით უფრო მსხვილ ერთეულებს კი, რომლთა საშუალებითაც ადამიანებს შორის რეალური კომუნიკაცია ხდება - კინემები დაარქვა.
ატლასზე მუშაობის დროს ბერდვისტელმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს სხვადასხვა კულტურებისა და ხალხების სპეციფიური  ჟესტები. მათი მონაცემების მხედვით ამერიკულ კულტურაში ჩვეულებრივ გამოიყენება 50-60 კინემა, რომელთაგან ნახევარზე მეტი თავს უკავშირდება და ძირითადად სახის ნაწილზე მოდის: 7 პირის, 5 წარბების,  4 ცხვირის, 2 ლოყის, 2 ნიკაპის, 1 ენის და 10 თავის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის  (Birdwhistell R. L. Kinesics and context: Essays on body-motion communication. Philadelphia: Univ. of Pennsylvania Press, 1970).


შეძენილი თუ თანდაყოლილი


რეი ბერდვისტელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღწერა ჟესტებს შორის კულტურათაშორისი განსხვავებები და დაადგინა, რომ არსებობენ ჟესტი-ომონიმები, რომლებიც გარეგნულად იდენტურნი არიან, მაგრამ სხვადასხვა კულტურულ გარემოში განსხვავებულ შინაარსს აღმნიშვენ (გამოხატავენ).
1944-1946 წლებში, დასავლეთ კანადაში, საველე პირობებში განხორციელებული ანტროპოლოგიური კვლევების დროს მან  აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი აბორიგენი ტომის, კუტენაის წევრები განსხვავებულ ჟესტებს ხმარობდნენ იმის მიხედვით თუ რომელ ენაზე საუბრობდნენ - მშობლიურზე თუ ინგლისურზე.
აგრეთვე, აღმოჩნდა, რომ კუტენაებს  შეეძლოთ სიარულის მანერისა და სხეულის მოძრაობებით უპრობლემოდ გაერჩიათ  შორ დისტანციაზე მყოფი ადამიანი მათი ტომის წარმომადგენელი იყო თუ არა (Birdwhistell R. L. Introduction to kinesics: An annotation system for analysis of body motion and gesture. Louisville, KY: Univ. of Louisville Press, 1952).
ადამიანის მიმიკებსა და ჟესტებს შორის კულტურათაშორისი განსხვავებების არსებობა-არარსებობა მათი გენეზისის საკითხს უკავშირდება და არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს  საკითხს წარმოადგენს.
ემოციბის ილუსტრაცია
 დარვინის წიგნიდან
საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 1872  წელს  ჩარლზ დარვინი, თავის წიგნში  ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში (The Expression of the Emotions in Man and Animals - London: John Murray, 1872), წერდა, რომ ემოციის გამოხატვის ძირითადი მოდელები პლანეტის ყველა ადამიანისათვის იდენტურია. გრძნობები და ემოციები ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის, ევოლუციური განვითარების პროცესში ჩამოყალიბებულ უნივერსალურ, თანდაყოლილ ადაპტაციის მექანიზმებს წარმოადგენენ.  
მოგვიანებით, ანტროპოლოგიური მეცნიერების განვითარებასთან ერთად, დარვინის აღნიშნული დებულება ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული.
მარგარიტ მიდის მიერ პოლინეზიასა და სამოაზე ჩატარებული კვლევების, დასავლეთ კანადის აბორიგენ ტომებში რეი ბერდვისტელის ექსპედიციის,  გრიგორი ბეისტონის მოგზაურობის ახალ გვინეაში, პროქსემიკის ფუძემდებლის ედუარდ ჰალის კროს-კულტურული და ჩარლზ ოზგუდის ფსიქოლინგვისტური კვლევების შედეგად დაგროვდა მრავალმხრივი ემპირიული მასალა, რომელიც მოწმობდა, რომ სახის გამომეტყველება (ემოცია) და ჟესტები სოციალური დასწავლის შედეგია. ანტროპოლოგები, ფსიქოლოგები, კომუნიკაციის სპეციალისტები სულ უფრო და უფრო იხრებოდნენ იმ მოსაზრებისკენ, რომ დარვინი ცდებოდა, როცა აქცენტს ემოციების გენეტიკურ დეტერმინაციაზე აკეთებდა.
ემოციები და ჟესტები  არ არის თანდაყოლი და  უნივერსალური - ისინი სოციალურად დეტერმინირებულნი არიან და ონტოგენეტური განვითარების პროცესში ფორმირდებიან. სწორედ ამგვარად ხსნიდნენ ზემოთხსენებული ანტროპოლოგები და ფსიქოლოგები კულტურათაშორის განსხვავებებს, რომლებიც მათ მიერ იყო მოპოვებული სხვადასხვა აბორიგენული ტომების ჟესტებისა და მიმიკების შესწავლის პროცესში.
1962-1963 წლებში ცნობილმა ფსიქოლოგმა სილვან ტომკინსმა გამოსცა ორი მონოგრაფია (Silvan S. Tomkins -  Affect Imagery Consciousness: Volume I, The Positive Affects და Silvan S. Tomkins - Affect Imagery Consciousness: Volume II, The Negative Affects. London: Tavistock. 1962 და 1963), რომელებშიც ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ემოციური გამოცდილება თანდაყოლილი მექანიზმია და წარმოადგენს ურთიერთმომქმედ იდეურ-აფექტური წარმონაქმნების თანდაყოლილ მატრიცას.
სილვან ტომკინსი და
ქეროლ იზარდი 

(მარჯვნივ)
ოდნავ მოგვიანებით, 60-იანი წლების მეორე ნახევარში, ტომკინსის გავლენითა და რეკომენდაციით ფსიქოლოგებმა პოლ ეკმანმა და ქეროლ იზარდმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, იდენტური ემპირიული კვლევების ჩატარება დაიწყეს. ამ ექსპერიმენტებს უნდა დაედასტურებინა ან უარერყო სილვან ტომკინსის პარადიგმა, რომელიც თავის მხრივ ჩარლზ დარვინის იდეებს ეფუძნებოდა. როგორც ერთმა ისე მეორე კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში  ემოციების აღქმა ერთნაირად ხდება.
ეკმანმა კვლევები ხუთი სხვადასხვა ქვეყნის (კულტურის) წარმომადგენლებზე ჩაატარა: ბრაზილია, ჩილე, არგენტინა, იაპონია და აშშ. ექსპერიმენტის დროს ის  ხუთივე კულტურის წარმომადგენლებს თხოვდა ენახათ ფოტოები და ამოეცნოთ მათზე გამოსახული ადამიანის ემოცია. შედეგები მოწმობდნენ, რომ მიუხედავად კულტურული განსხვავებისა, ემოციების ამოცნობას ყველა მათგანი წარმატებით ახერხებდა.
ანალოგიური შედეგები მიიღო იზარდმაც, მაგრამ  ამ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით საბოლოო დასკვნის გაკეთებას მკვლევარები მოერიდნენ. საქმე იმაში იყო, რომ არც ეკმანის და არც იზარდის გამოკვლევები არ ჩატარებულა ცივილიზებული სამყაროსაგან იზოლირებულ კულტურებზე.  არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ ემოციების ამოცნობის სისწორე განპირობებული იყო მათი (ემოციების) გამოსახვის დასავლური მანერის ინფილტრაციით სხვადასხვა კულტურებში. გამორიცხული არ იყო, რომ ექსპერიმენტში მონაწილე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, ტელევიზიისა და ფილმების საშუალებით, ათვისებული და დასწავლილი ჰქონდათ ანგლო-საქსონური ხალხებისათვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისებურებები.
ალბერტ მეჰრაბიანი და 
პოლ ეკმანი (მარჯვნივ)
საკითხის საბოლოოდ დახურვის მიზნთ პოლ ეკმანმა  ახალ გვინეაში  ორი ექსპედიცია მოაწყო (1967-1968 წწ.). ექსპერიმენტები ფორეს ტომის აბორიგენებზე ჩატარდა, რომლებიც გარე სამყაროსაგან აბსოლუტურად მოწყვეტილ გარემოში ცხოვრობდნენ. მათ არ ჰქონდათ დამწერლობა, არაფერი იცოდნენ მეტალის იაღღის შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ დენთზე და ცეცხლსასროლ იარაღზე. არსენალში ჰქონდათ მხოლოდ აქატისაგან ან კვესისგან დამზადებული ცულები, გალესილი ძვლის დანები (დოგანი), მშვილდ-ისრები და ხის შუბები. წარმოდგენა არ ჰქონდათ რა იყო ფოტოგრაფია და ეკმანის ექსპედიციამდე მათ არცერთი ფოტო არ ჰქონდათ ნანახი. ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ კანიბალისტურ რიტუალებს. ეს იყო თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენისაგან აბსოლუტურად სტერილური  კულტურა, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც ექსპერიმენტების სისუფთავისთვის იყო საჭირო.
სამწუხაროდ პირველი ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა - პრობლემები შეიქმნა თავად ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში. ფორეს აბორიგენებს დამწერლობა არ ჰქონდათ, რის გამოც ფოტოზე გამოხატული ემოციის ამოცნობის დროს პასუხების ჩამონათვალის მიცემა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. ეკმანი იძულებული გახდა იმპროვიზაციისათვის მიემერთა და ექსპერიმენტის მონაწილეებს  თხოვდა მოეთხროთ იმ სიტუაციის შესახებ, რომელმაც სურათზე გამოხატული ემოცია გამოიწვია.  მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები სრულიად ადექვატურად ახერხებდნენ ინსტრუქციის შესრულებას ეკმანმა ექსპედიცია შეწყვიტა და მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით აშშ-ში დაბრუნდა.
1968 წელს, ახლი მეთოდოლოგიის დამუშავების შემდეგ, ეკმანი კვლავ გაემგზავრა ახალ გვინეში. მასთან ერთად ექსპედიციაში იყვნენ უოელეს ფრიზენი და ნევილ ჰოფმანი. ამჯერად ექსპერიმენტები სხვაგვარად ტარდებოდა - ცდის პირს უკითხავდნენ ისტორიას, რის შემდეგაც შეთავაზებული ფოტოებიდან მას უნდა აერჩია და ხელი დაედო იმ ფოტოსათვის, რომელიც მოსმენილ სიტუაციას ასახავდა.
ექსპერიმენტების შედეგები ოთხ ემოციასთან მიმართებბაში (სიხარული, განრისხება, ზიზღი და მწუხარება) არავითარ ეჭვს არ იწვევდა.  აღნიშნული ემოციების ამოცნობის სისწორეში აბორიგენებს ისეთივე მაჩვენებლები ჰქონდათ როგორიც ევროპელებს ან ამერიკელებს. რაც შეეხება შიშსა და გაკვირვებას მათ დიფერენციაციას ფორეს ტომის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ. შიშთან დაკავშირებული ისტორიის მოსმენის შემდეგ აბორიგენები თანაბარი სიხშირით ირჩევდნენ, როგორც შიშის ისე გაკვირვებს ამსახველ ფოტოებს (Психология эмоций. Я знаю, что ты чувствуешь. 2-е изд. / Пер. с англ. - СПб.: Питер, 2010).  
ეკმანის კვლევების
შედეგები
ახალ გვინეაში ჩატარებული ექსპერიმენტები, რომლებიც პირველად 1969 წელს გამოქვეყნდა, დარვინის მოწინააღმდეგეებისათვის არასასურველი სურპრიზი გამოდგა. ეკმანის კვლევები აშკარად აჩვენებდა, რომ ემოციები და მათი აღქმა არ უკავშირდება დასწავლას (Ekman, P., Sorenson, E. R.,  Friesen, W. V. - Pan-Cultural Elements In Facial Display Of Emotions. Journal Science, volume 164, pp. 86-88, published by AAAS 1969).
აღნიშნული კვლევა იმდენად აქტუალური გამოდგა, რომ ეკმანმა ექსპერიმენტების გადამოწმება ცნობილ ვიზუალურ ანტროპოლოგს კარლ ჰაიდერს სთხოვა.  ჰაიდერმა იგივე ექსპერიმენტები  ინდონეზიის პაპუას პროვნციაში მცხოვრებ აბორიგენებზე (დანის ტომი) გაიმეორა და აბსოლუტურად იდენტური შედეგები მიიღო (Karl G. Heider - Landscapes of Emotion: Mapping Three Cultures of Emotion in Indonesia. Cambridge University Press,1991).




ნეიროფიზიოლოგია


"ერთიანი სამასახოვანი ტვინი"





1952 წელს პოლ მაკლინმა (Paul MacLean) წამოაყენა  „ერთიანი სამასახოვანი ტვინის“ (ინგლისურად და გერმანულად Triune Brain, ფრანგულადDu cerveau triuniqueრუსულად - Триединый мозг) ჰიპოთეზა (Paul DMacLean The Triune Brain in EvolutionRole in PaleocerebralFunctionsSpringer Publishing, 1990). 

ამ ჰიპოთეზის თანახმად ადამიანის ტვინი შედგება: "რეპტილიური ტვინისგან" (ტვინის ღერო), "ძუძუმწოვრის ტვინისგან" (ლიმბური სისტემა) და "პრიმატის ტვინისგან" (ახალი ტვინი ან ნეოკორტექსი).

ევოლუციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი ცენტრალური ნერვული სისტემის ეს სამი დონე, როგორც ერთიანი სისტმა ისე ფუნქციონირებს, მაგრამ ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესების მართვის თვალსაზრისით თითოეულ მათგანს გარკვეული დომინანტური როლი გააჩნია. "რეპტილიური ტვინი", როგორც ევოლუციურად ყველაზე ძველი და პრიმიტიული სტრუქტურა გადარჩენის და აგრესიის ინსტიქტებს მართავს. ლიმბური სისტემა, ვეგეტატური ნერვული სისტემის მართვის გარდა, ემოციურ სფეროზეა პასუხისმგებელი. ნეოკორტექსი კი ლოგიკურ აზროვნებას და უმაღლეს ნერვულ მოქმედებას უზრუნველყოფს.

ადამიანის ემოციები, სხეულის ენა (მინიკები და ჟესტები) რასაც სხვაგვარად არავერბალურ კომუნიკაციას უწოდებენ უპირატესად ლიმბური სისტემისაგან იმართება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სხეულის ენისა და ემოციების კონტროლის პროცესში ნეოკორტექსიც მონაწილეობს. ნეოკორტექსი სიტუაციის გაანალიზების გზით ინფორმაციას აწვდის ლიმბურ სისტემას განახორციელოს თუ არა ამ უკანასკნელმა ემოციური (ლიმბური) რეაქციები.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ლინბური სისტემა არავერბალური კომუნიკაციის პროცესში?
საქმე იმაშია, რომ ტვინის ეს ნაწილი მყისიერად, რეფლექტორულად რეაგირებს გარესამყაროს სტიმულებზე და მოქმედებს რეალურ დროში, მოფიქრების გარეშე. სწორედ ამიტომ უწოდებს დევიდ მაიერსი ლიმბურ სისტემას თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე უტყუარ (გულწრფელ) რეაქციებს იძლევა გარესამყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და სტიმულებზე (David G. Myers - Exploring psychology. New York, Worth Pub., 1993. pp. 35-39).
ლიმბური სისტემა ადამიანის ემოციურ ცენტრს წარმოადგენს, საიდანაც იგზავნება სიგნალები ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მართავენ ემოციების გამოხატვისა და თვითგადარჩენის ქცევასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ელემენტებს.
ქცევის აღნიშნული ელემენტების არა მხოლოდ დანახვაა შესაძლებელი, არამედ შეიძლება მათი გაშიფრვაც, რადგან მათ ფიზიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ფეხების, ტორსის, ხელების და სახის მოძრაობები. იმის გამო, რომ ეს რეაქციები სიტყვებისაგან განსხვავებით აზრებთან კორელაციაში არ იმყოფებიან, მათთვის სიყალბე არ არის დამახასიათებელი (ისინი არ შეიძლება გაყალბებულნი იყვნენ). აი რატომ უწოდებს დენიელ გოლმენი ლიმბურ სისტემას "პატიოსან ტვინს" (Daniel Goleman - Emotional intelligence. New York: Bantam Books. 1995, pp. 13-29)




ლიმბური სისტემა




ამიგდალა იგივე ნუშისებრი სხეული
(Amygdala)
მონაწილეობს  როგორც  დადებითი (სიამოვნების)  ისე  უარყოფითი  (შიშის) ემოციების  ფორმირებაში.
მისი  ზომა   დადებით  კორელაციაშია აგრესიულ  ქცევებთან ისეთი ემოიციები და განცდები, როგორიცაა: შფოთი,  დეპრესია,  ფობიები; აგრეთვე  აუტიზმი, პოსტრამვატური  სტრესული  სინდრომები ამიგდალას  არანორმალურ   ფუნქციონირება უკავშირდება.
საინტერესოა, რომ ადამიანის  ტვინში  ამიგდალა არის  სექსუალურად  ყველაზე  მეტად დიმორფული  სტრუქტურა .

ჰიპოკამპი (Hippocampus) 
მონაწილეობს  ემოციურ რეაქციებსა და მეხსიერების  მექანიზმებში.

ჰიპოთალამუსი (Hipothalamus)
ჰიპოთალამუსში მოთავსებულია  ვეგეტატიური  ნერვული  სისტემის ცენტრები. ეს ცენტრები არეგულირებენ  ნივთიერებათა  ცვლას,  გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის  მომნელებელ და გამომყოფის  სისტემებს.  აგრეთვე პასუხისმგებელნი არიან  შინაგანი  სეკრეციის  ჯირკვლების  მოქმედებაზე.  ჰიპოთალამუსიდანვე ხდება ძილის,  სიფხიზლის და სხვადასხვა ემოციური  მექანიზმების მართა  და  რეგულირება. 

თალამუსი (Thalamus)
თალამუსი წარმოადგენს ლიმბური სისტემის ყველაზე უფრო ახალგაზრდა ცენტრალურ ნაწილს,  რომლის  განვითარება  მჭიდროდაა დაკავშირებული  ნეოკორტექსის  ფორმირებასთან. თალამუსი  უზრუნველყოფს  რეფლექსების განხორციელებას,  აგრეთვე  წარმოადგენს  სენსორული ინფორმაციის  გადამცემ  მიდამოს,  რომელიც მიემართება ქერქისაკენ.


თავის  ტვინის  თეთრი  ნივთიერება

         თავის ტვინის თეთრი ნივთიერება (white matter, ლათინურად substantia alba) ნერვული ბოჭკოების ქსელია. თეთრი ნივთიერება  შედგება ნეირონების  წანაზარდებისაგან,   რომლებიც   ქმნიან  კონებს (fasciculi)  და  ტრაქტებს (tractus).
       ისინი, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის გამტარი გზები ერთმანეთთან აკავშირებენ თავის ტვინის  სხვადასხვა  უბნებს.   ასევე  მათი  საშუალებით უკავშირდება  ერთმანეთს  თავისა   და  ზურგის  ტვინიც.
         საერთო  ჯამში  თეთრი  ნივთიერების  სიგრძე  დაახლოებით  160 000 კილომეტრს.




ნეირონები

       ნეირონი  არის  ნერვული ქსოვილის  მთავარი სტრუქტურულ-ფუნქციური  ერთეული.  ზრდასრული  ადამიანის  თავის  ტვინში 100  მილიარდზე  მეტი ნეირონია. 
        ნეირონებს  შორის  არსებულ  სივრცეს  ავსებს   ნეიროგლიის  უჯრედები.  ნეიროგლიას  საყრდენი, ტროფიკული (სავები ნივთიერებებითა და ჟანგბადით მომარაგება), დაცვითი (ბაქტერიები, აგრეთვე  მკვდარი ნეირონები) ფუნქციები აქვს. 
        საუკუნეზე   მეტი  ითვლებოდა,   რომ  ნეიროგლიები არ მონაწილეობენ   ნერვული  იმპულსების  გადაცემაშითუმცა  უკანასკნელი  მონაცემებით,  მათ  გარკვეული,  დამხმარე  ფუნქცია  აქვთ  ნეირონებს  შორის  სინაპსური  კავშირების  დამყარებაში (Herman Wolosker, Elena Dumin, Livia Balan and Veronika N.Foltyn  “D-Amino acids in the brain: d-serine in neurotransmission and neurodegeneration” (FEBS Journal Volume 275, Issue 14, pages 3514–3526, July 2008).
     ყოველი  ნეირონი  ქმნის  დაახლოებით  1 000-დან 10 000-მდე  კავშირს  სხვა ნეირონებთან. გამოთვთვლილია,  რომ თავის ტვინის  აქტივობისას ნეირონთა კავშირების კომბინაციათა  ჯამი,  აჭარბებს  სამყაროში  არსებულ  ელემენტარულ  ნაწილაკთა  რიცხვს.



       თავის ტვინში არსბობენ ნეირონები, რომელებსაც, მოტორულ-ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ. მათი არსებობაის  შესახებ  მეცნიერებისათვის  50  წელზე  მეტი ხანია  რაც  ცნობილია.  ამ ნეირონების  აღგზნება   ხდება  მაშინ,  როდესაც  ადამიანი  ასრულებს  ამა  თუ  იმ  მოქმედებას.
         მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ  ვაშლს,  აღიგზნება  თავის ტვინის ფრონტალური ნაწილის მოტორულ -ბრძანებითი  ნეირონი.  თუ მე  გადავწყვიტე,  რომ ჩვმსკენ მოვწიო რაიმე საგანი, აღიგზნბა სხვა ნეირონი,  რომლებიც  ბრძანებას  გასცემს  მოვწიო  ეს  საგანი  და  ა.შ.
         „ეს  ნეირონები  პატარა ნეირონული  ქსელის  ნაწილს  წარმოადგენენ,  რომლებიც  კონკრეტული  ამოცანის  შესრულებას  ემსახურებიან.  თავისთავად  ერთ  ნეირონს  არ  შეუძლია  ხელის  ამოძრავება,  მაგრამ   მისი რეაქცია  საშუალებას  აძლევს  მიაყურადოს  მთელ  ნეირონულ ქსელს“ (В.С. Рамачандран - Мозг рассказывает : что делает нас людьми. Перевод с английского Е. Чепель. Карьера Пресс, 2012. EPUB. გვ. 168).


სარკისებრი ნეირონები

1992 წელს იტალიელმა ნეირობიოლოგმა, პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რიზოლატიმ (Giacomo Rizzolatti) და  მისმა კოლეგებმა  მაკაკებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს სრულიად შემთხვევით, სათანადო ჰიპოთეზის გარეშე, ე.წ. “სარკისებრი ნეირონები”აღმოაჩინეს. 
რიზოლატის ექსპერიმენტები აჩვენებდნენ მანამდე უცნობ მოვლენას:  გარკვეული წყება  ნეირონებისა აქტივირდებოდნენ  მაშინ,  როდესაც  მაკაკები  ხედავდნენ,  როგორ  ჭამდა ექსპერიმენტატორი  არაქისს. პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თავად  მაკაკების  მიერ  არაქისის  ჭამის  დროსაც ზუსტად იგივე ნეირონები აქტივირდებოდნენ (Rizzolatti G., Fadiga L., Gallese V., Fogassi L. - Premotor cortex and the recognition of motor actions. Cognitive Brain Research., 3 (1996), page 131-141).


    რიზოლატის  მიერ აღმოაჩინილი სარკისებრი ნეირონები მოტორულ-ბრძანებითი ნეირონების  ქვეჯგუფს წარმოადგენენ  და  მოტორულ-ბრძანებითი  ნეირონების  მთლიანი  რაოდენობის  20%-ს  შეადგენენ.
        ისინი  აღიგზნებიან  ერთი  მხრივ   მაშინ,   როდესაც  ჩვენ   ხელში  ვიღებთ  რაიმე  საგანს,  მეორე  მხრივ  კი   მაშინ,    როდესაც   ჩვენ  ვუყურებთ,  თუ  როგორ  იშვერს  ხელს  სხვა  ამა  თუ  იმ  საგანის  ასაღებად. სარკისებრი ნეირონები ერთგვარად ცვლიან  ჩვენი თვალთახედვის რაკურსს და სხვა ადამიანის  თვალთახედვის  ადგილას გვაყენებენ.  შეიძლება  ითქვას,  რომ   ჩემი  ნეირონი  ვირტუალურად  იმეორებს  იმას,  რასაც  სხვა  ადამიანი  აკეთებს. 
         რიზოლატი  აღნიშნავს,   რომ   სარკისებრი   ნეირონების   საშუალებთ   ჩვენ  ასევე  შეგვიძლია  სხვისი  ტუჩების  და  ენის  მოძრაობის  მიბაძვა,  რაც  თავის  მხრივ  მეტყველების  ევოლუციის  საფუძველს  წარმოადგენს. ამ   მხრივ  ალიან  მნიშვნელოვანია  რიზოლატის  დაკვირვებები,  რომლის თანახმადაც  სარკისებრი  ნეირონები  დიდი  რაოდენობით  თამყორლია  მაიმუნის ვენტრალურ  პრემოტორულ  ზონაში. პრიმატების  თავის  ტვინის   აღნიშნული  ზონა კი ევოლუციის პროცესში  ადამიანის  ბროკას  ცენტრის  წინამორბედი  შეიძლება   ყოფილიყო (Vilayanur S. Ramachandran - The Tell-Tale Brain: A Neuroscientist's Quest for What Makes Us HumanPub.: W. W. Norton & Company, 2011). 
ვილეიანურ  რამაჩანდრანი
      კალიფორნიის უნივერსიტეტის  (სან-დიეგო) პროფესორი ვილეიანურ  რამაჩანდრანის  მიხედვით  სარკისებრი ნეირონები ჩართულნი არიან ისეთ პროცესებში როგორიცაა: იმიტირება და მიბაძვა. იმისათვის, რომ  ადამიანმა მოახდინოთ  რთული  ქცევების  იმიტირება,  საჭიროა  მან  საკუთარი თავი  სხვის  ადგილას  დააყენოს.
     იმიტაციამ  და  მიბაძვამ  ევოლუციის პროცესში  კარდინალური  როლი  ითამაშა  ადამიანის  კულტურაზე  და მისი  განვითარების  დინამიკაზე.
დაახლოებით  70 000 - 100 000  წლის  წინ   ევოლუციის   პროცესში  მოხდა
რაღაც  განსაკუთრებული.  სწორედ  ამ  პერიოდში  მოულოდნელად  გაჩნდა  და  გავრცელდა  ჩვევათა  მთელი  კომპლექტი,  რომლებიც  გამორჩეულად  ადამიანისთვისაა  დამახასიათებელი,  ისეთები როგორიცაა:  ინსტრუმენტების,  ცეცხლის,  თავშესაფრის  გამოყენება  აგრეთვე  ენა,  სხვისი  აზრის  გამოცნობის უნარი  და  სხვათა  ქცევების  ახსნა. 
        მიუხედავად  იმისა,  რომ  ადამიანის  ტვინს  დღევანდელ  ზომამდე  მისაღწევად  300 000  - 500 000 წლი დასჭირდა,  ზემოთხსნებული ადამიანური ჩვევები ევოლუციის პროცესში გაცილებით გვიან, შედარებით  სწრაფად და  მოულოდნელად განჩნდა.  
სავარაუდოდ  სწორედ ამ  პერიოდისთვის  ადამიანის თავის  ტვინში სარკისებური  ნეირონების  რთული  სისტემის  უცაბედი  ჩამოყალიბება მოხდა,  რომელიც  საშუალებას  იძლეოდა  სხვა  ადამიანების  ქცევების  მიბაძვას.  ამიტომაც,  როდესაც  ერთი ადამიანი  შემთხვევით  აკეთებდა  აღმოჩენას,  მაგალთად აანთებდა  ცეცხლს  ან  გამოიგონებდა  რაიმე  იარაღის,  აღმოჩენა  არ  იკარგებოდა  და  ჰორიზონტალურად  ვრცელდებოდა  მთელ  პოპულაციაში  ან  გადაეცემოდა  ვერტიკალურად  მომდევნო  თაობებს.
     ევოლუციის პროცესი  ნაცვლად  დარვინისეულისა  მოულოდნელად ლამარკისეული გახდა.  დარვინისეული ევოლუცია ნელია.  მას  ასობით  ათასი  წელი  სჭირდება. პოლარულ  დათვის  ბეწვის  საფარს  ევოლუციისათვის ათასობით  თაობა   და შესაძლოა   100  000   წელი  დასჭირდეს. ადამიანის  ნაშიერს,  ბავშვს კი  უბრალოდ ნახვით  შეუძლია დაისწავლოს  როგორ  მოინადირა მისმა მშობელმა  დათვი,  გაატყავა  და შეიმოსა  მის ქურქში.
      იმაზე რაზეც დათვს დარვინის თეორიის მიხედვით 100 000 წელი დასჭირდა, ადამიანს აროაჩნდა უნარი 10 წუთში ესწავლა. და როგორც კი ერთი ინდივიდი აითვისებდა  ამ თუ იმ ჩვევას  ის  უსწრაფესად,  გეომეტრიული  პროგრესიით ვრცელდებოდა   მთელი  პოპულაციის  მასშტაბით. რთული  ჩვევების  მიბაძვა (იმიტაცია)  არის  ის რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და სწორედ ეს  წარმოადგენს ცივილიზაციის   საფუძველს(Vilayanur Ramachandran: The neurons that shaped civilization. TED, Nov., 2009. თარგმანი ლევან ხომერიკისა).
        1992 წელს რიზოლატის მიერ სარკისებრი ნეირონების აღმოჩენის შემდეგ ანალოგიური ნეირონები ნაპოვნი იქნა, როგორც მაიმუნის ისე ადამიანის თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში: პრემოტორულ ზონაში, ბროკას ცენტრში, პირველად მოტორულ ზონაში (Riitta Hari, Mathieu Bourguignon, Harri Piitulainen, Eero Smeds, Xavier De Tiège and Veikko Jousmäki - Human primary motor cortex is both activated and stabilized during observation of other.  Phil. Trans. R. Soc. B 2014 36920130171published 28 April 2014)



ოდნავ მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა მოტორული სარკისებრი ნეირონებისაგან განსხვავებული, სომატოსენსორული ტიპის სარკისებრი ნეირონები. ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარები აკვირდებოდნენ ერთ-ერთი პაციენტის სარტყელის ხვეულის წინა ნაწილის ნერვულ უჯრედებს, რომელსაც ნეიროქირურგიული ჩარევა ცნობიერებაში მყოფს გაუკეთდა. თავის ტვინის ამ უბანის ნეირონები რეაგირებენ კანში არსებულ ტკივილის რეცეპტორებზე, რის გამოც მათ ხშირად ტკივილის სენსორულ ნეირონებს უწოდებან. "წარმოიდგინეთ მთავარი ქირურგის გაკვირვება, როცა მან შენიშნა, რომ ამ პაციენტის ტკივილის სენსორული ნეირონები იმავე სიძლიერით რეაგირებდნენ, მაშინ როდესაც პაციენტი ხედავდა როგორ უკეთებდნენ ნემსს სხვა პაციენტს (ტკენდნენ სხვას)! თითქოს ნეირონი თანაუგრძნობდა სხვას" (Vilayanur S. Ramachandran - The Tell-Tale Brain: A Neuroscientist's Quest for What Makes Us Human. Pub.: W. W. Norton & Company, 2011. Epub File, გვ. 102).
ამ ტიპის სარკისებრ ნეირონებს, რომლებიც ემპათიის ნეიროფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენენ ვილეიანურ  რამაჩანდრანმა „განდის ნეირონები“ დაარქვა. რამაჩანდრანი აღნიშნავს, რომ სომატოსენსორული სარკისებრი ნეირონები  პირდაპირი მნიშვნელობით ნიველირებას უკეთებენ ადამიანების შეგრძნებებსა და განცდებს შორის არსებულ საზღვრებს.
2006 წელს ტანია ზინგერმა და მისმა კოლეგებმა (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი), მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფის გამოყენებით, მოხალისეებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ადამიანის აქვს უნარი რეალური თანაგრძნობა გამოავლინოს წარმოსახული სიტუაციისა დროს. ამ ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ   მსმენელის მიერ სიტუაციის წარმოსახვის შემთხვევაში  თავის ტვინში ხდება იგივე ნეირონების აღზნება, რომლებიც აღიგზნებოდნენ იმ ვითარებაში მსმენელები რეალურად რომ მოხვდრილიყვნენ ანალოგიურ სიტუაციაში. ნეირონების ამგვარი „თანაგრძნობა“  დაფიქსირდა ზიზღის, ტაქტილური შეგრძნებებისა და ტკივილის ცენტრებში. ასე, რომ ნეიროფიზიოლოგიურ ენაზე თანაგრძნობა   წარმოსახულ სიტუაციაზე ნეირონების ადექვატურ აგზნებას წარმოადგენს (Singer, Т, (2006). The neuronal basis and ontogeny of empathy and mind reading: Review of literature and implications for future research. Neuroscience and Bio behavioral Reviews, 6,855-86).
ანლოგიური ტიპის სარკისებრი ნეირონებიოღონდ მხოლოდ შეხებასთან დაკავშირებულიაღმოჩენილ იქნა თხემის წილის პირველადსომატოსენსორულ ზონაში (თავის ტვინის პოსტცენტრალური ხვეული, Postcentral gyrus, ბროდმანის 1, 2 და მე-3 ველები).
აღსანიშნავიარომ მსგავსი ნეირონები პირველადი სომატოსენსორული ზონის გარდა ნაპოვნია თხემის წილის ზედა  წილაკის (Superior parietal lobule), მეორად სომატოსენსორულ  და  ასოციაციურ ზონებში (Christian Keysers and Valeria Gazzola - Expanding the mirror: vicarious activity for actions, emotions, and sensations Current Opinion in Neurobiology. Volume 19, Issue 6, December 2009, Pages 666–671).


ადამიანის სარკისებრი ნეირონების შესწავლა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით

2009 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკო იაკობინიმ (Marco Iacoboni)  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურა, რომ ადამიანის შემთხვევაში “სარკისებრი ნეირონები”, პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ იმიტაციაზე, არამედ ემპატიაზე და სხვა ადამიანების განცდებისა და ქცევების გაგებაზე (Marco Iacoboni - Imitation, Empathy, and Mirror Neurons.  Annual Rev. Psychol. 2009. 60:653–70, University of California - Los Angeles).
მარკო იაკობინი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით (MRT) თავის ტვინის  სკანირების დროს ცდის პირებს აწვდიდა სხვადასხვა ემოციების ამსახველ სურათებს. ფოტოებს, როგორც სტიმულს ექსპერიმენტის მონაწილეებს  სპეციალური თხევადკრისტალური სათვალეების   საშუალებით  აწვდიდნენ, რომლებიც მონიტორის ფუნქციას ასრულებდნენ (მოგვიანებით, იაკობინიმ ამგვარი სათვალეებით ცდის პირებისათვის სურათების გარდა ვიდეომასალების მიწოდება დიწყო).  



ექსპერიმენტების  შედეგად  გაირკვა, რომ  ცდის  პირების  სარკისებრი ნეირონების  აგზნება  ორივე  შემთხვევაში  ხდებოდა: 
ა) სურათების  უბრალოდ  ნახვისას;
ბ) სურათზე  გამოსახული  ემოციის  იმიტირების  დროსაც.

ემოციების გამომხატველი სურათები, რომლებსაც ცდის 
პირებს სტიმულის სახით მაგნიტურ-რეზონანსულ 
ტომოგრაფში აწვდიდნენ



 ქსპერიმენტის პროცესი

       საინტერესო შედეგები იქნა მიღებული იმ ექსპერიმენტების დროს, როდესაც ცდის პირებს თხევადკრისტალურ სათვალეებში დადებითი ემოციების ამსახველი ფოტოები ეძლეოდათ.
დადებითი ემოციის გამომხატველი სტიმულები
ქვემოთ მოყვანილია სურათები, რომელზეც ასახულია სარკისებრი ნეირონების აგზნება ცდის პირებისათვის დადებითი სტიმულების მიწოდებისას. ერთ შემთხვევაში ცდის პირებს იმიტაცია უნდა მოეხდინათ ამ სტიმულების ნახვისას (მარცხენა სურათი, მეორე შემთხვევეაში კი ყოველგვარი იმიტაციის გარეშე მხოლოდ უნდა ეცქირათ მათთვის (მარჯვნა სურასთი).
      
        ოგორც სურათებიდან ჩანს ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს სარკისებრი ნეირონების აგზნებას. თუმცა იმიტაციის დროს გაცილიებით უფრო დიდი რაოდენობის ნეირონებია აგზნებული ვიდრე მხოლოდ დაკვირვებისას.



Комментариев нет:

Отправить комментарий