ჟესტები სხვადასხვა ქვეყნებში

ეკმანისა და ფრიზენის ცნობილი კვლევების მიხედვით, რომელზეც ჩვენ არავერბალური კომუნიკაციის შესავალში დეტალურად ვისაუბრეთ, ემოციებს უნივერსალურობა ახასიათებს და მათ მიმიკურ გამოხატვასა და ამოცნობაზე ადამიანების ეთნოკულტურული კუთვნილება ზეგავლენას არ ახდენს.
 
 
მოგვიანებით სხვა მრავალი მეცნიერის მიერ, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩატარებულმა  გამოკვლევებმა დაადასტურეს ეკმანისა და ფრიზენის მიერ მიღბული ძირითადი შედეგები და დასკვნები. მიუხედავად ზოგიერთი კვლევის დროს აღმოჩენილი  უმნიშვნელო კულტურათაშორისი ვარიაციებისა, ემოციების გამომხატველ მიმიკებთან დაკავშირებით, დღეისათვის შვიდი საბაზისო ემოციის (სიძულვილის ჩათვლით) სახეზე გამოხატვის ექსპრესიის უნივერსალურობა ფსიქოლოგთა უმრავლესობის მიერ აღიარებულ ფაქტად ითვლება (Matsumoto, D. (1996). Culture and psychology. Pacific Grove, CA: Brooks/Cole).

მართალია გარეგნულად ძირითადი ემოციების სახეზე გამოხატვა უნივერსალურია ყველა ადამიანისათვის, მაგრამ არსებობს მინიმუმ ორი ასპექტი, რომლის დროსაც სახის უშუალო  გამომეტყველებები შესაძლებელია ვარირებდეს სხვადასხვა კულტურებში:
          ა) პირველი ასპექტი არის ის, თუ  რა იწვევს  თავისთავად ემოციას. ამ თვალსაზრისით კულტურათაშორის სხვაობებს ნამდვილად აქვს ადგილი. მაგალითად, სხვადასხვა კულტურებში ადამიანებმა შეიძლება განიცადონ ზიზღი ან შიში განსხვავებულ გამღიზიანებლებზე (სტიმულებზე);
    ბ) მეორე ასპექტი ეხება იმას, რომ არსებობენ ისეთი კულტურული განსხვავებები, რომლებიც  უკავშირდებიან იმ პირობებს (ვითარებებს), რომლებშიც ადამიანები ცდილობენ დაიცვან, აკონტროლონ ან მართონ საკუთარი სახის გამომეტყველება. როგორც წესი ამგვარი განსხვავებები კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებს უკავშირდებიან. მაგალითად, ორი სხვადასხვა კულტურაის წარმომადგენლები ერთნაირად შეიძლება განიცდიდნენ მწუხარებას საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ ერთი კულტურა შესაძლოა ითხოვდეს მწუხარების ემოციის ზომიერ  გამოხატვას სახეზე - მეორე კი სრულიად განსხვავებულს.(Ekman P., & Friesen, W. V. (1975), Unmasking the face: A guide to recognizing emotions from facial clues. Englewood Cliffs, New Jersey: Prentice-Hall. pp. 27-28).

ემოციებისაგან განსხავებით ჟესტებს განსაკუთრებით ილუსრატორებსა და ე.წ. ემბლემებს ხშირად სხვადასხვა კულტურებში განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. აქედან გამომდინარე უცხო კულტურაში მოგზაურობისას ჟესტების გამოყენებას დიდი სიფრთხილე უნდა, რადგან ერთი შეხედვით სრულიად ბანალურმა და უწყინარმა  ჟესტმა შესაძლებელია დიდი უხერხულობის წინ დაგაყენოთ, ისე, როგორც ეს 1950 წელს ლათინურ ამერიკაში ვიზიტისას აშშ-ს იმჟამინდელ ვიცეპრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს დაემართა: ბრაზილიაში, სან პაულუს აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას ნიქსონმა ორივე ხელი მაღლა აღმართა და მისალმების ნიშნად ტრადიციული  ანგლო-ამერიკული ჟესტი “OK’’ გააკეთა, რითაც ბრაზილიელების უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს სტვენით გაუმასპინძლდნენ, მეორე დღეს კი გაზეთებმა ნიქსონის კარუკატურული სურათები დაბეჭდეს და მას ბრაზილიის დატოვებისკენ მოუწოდეს.  საქმე იმაშია, რომ  ჟესტი “OK’’ ბრაზილიაში შეურაცყოფის ჟესტია. 

ნიქსონის კარიკატურა 1950 წლის ბრაზილიურ გაზეთში

ჟესტების მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყნებში
 (ქვემოთმოყვანილ ვიდეოში თავმოყრილია შეურაცყოფის ჟესტები სხვადასხვა ქვეყნებში)



რატომ ესროლა ამერიკის პრეზიდენტს ავღანელმა ჟურნალისტმა ფეხსაცმელები...

2008 წლის 14 დეკემბერს დეკემბერს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტმა მუნტაზარ აზ-ზაიდიმ ფეხსაცმელები გაიხადა და ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ორჯერ ესროლა. 
 

ბუშმა ორჯერვე ოსტატურად აიცილა ნასროლი ფეხსაცმელი. ინციდენტის შემდეგ არაერთი ვერსია გამოითქვა იმის თაობაზე თუ რა მიზანს ემსახურებოდა ბუშისთვის ფეხსაცმლის სროლა. მრავალ ვერსიას შორის არის ერთი, რომელიც კულტურულ სტერეოტიპს უკავშირდება - საქმე იმაშია, რომ არაბულ ქვეყნებში უდიდეს შეურაცყოფად ითვლება ფეხსაცმლის ძირის ჩვენება. ამიტომაა, რომ ჟურნალისტებს, რომლებმაც არაბულ ქვეყნებში იქაური ლიდერებისგან უნდა აიღონ ინტერვიუ სპეციალურ ტრენინგს უტარებენ და აფრთხილებენ, რომ ფეხი ფეხზე არ გადაიდონ, რადგან გამორიცხული იყოს შემთხვევით ფეხსაცმლის ძირის ჩვენება. თუ გავითვალისწინებთ ამ თავისებურებას ჟურნალისტმა მუნტაზარ აზ-ზაიდიმ ბუშს არაბული წესჩვეულების მიხედვით შეურაცყოფა მიაყენა და მეტი არაფერი, რადგან ფეხსაცმლით ადამიანისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება წარმოუდგენელია. სამაგიეროდ მთელი არაბული სამყაროს თვალში შეურაცყოფამიყენებული გამოვიდა სუპერსახელმწიფოს მეთაური.



1 комментарий:

  1. ძალიან საინტერსოა. ამას ალბათ დიპლომატებს ასწავლიან...

    ОтветитьУдалить