ემოციები და მათი ამოცნობა (ღიმილი, სიცილი)

ღიმილი (სიცილი)

        დღეს საუკეთესო სპორტსმენები შუბს 80-90 მეტრზე ტყორცნიან. სავარაუდოა, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანს, როგორც ახალ სახეობას, გამუდმებით უწევდა ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და გამუდმებული ფიზიკური აქტიობით (ბუნებრივივი ვარჯიშით) იყო დაკავებული, თანამედროვე სპორტსმენის მსგავსდ შეეძლო შუბი 80-90 მეტრზე ეტყორცნა.
       საინტერესოა, რომ ეს ზუსტად ის მანძილია, რა მანძილზეც ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სახეზე ღიმილი ამოვიცნოთ. ბუნებრივია, როგორც ისტორიული ისე თანამედროვე გაგებით ღიმილი კეთილგანწყობილებას გადმოსცემს და ერთგვარ ადაპტაციის (დაცვის) მექანიზმსაც წარმოადგენს. 
      ისევე, როგორც ცარიელი ხელების დემონსტრირება, ღიმილიც არამტრულ განზრახვაზე მიანიშნებს. ეს არავერბალური სიგნალი ნიშნავს, რომ “მე მოვედი არა სამტროდ”. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნენსი ეთკოფი  (Nancy Etcoff) ღიმილს “ბუნების სამშვიდობო სიბოლოს” უწოდებს (Boston Globe Magazine 09/11/ 2000).
        ღიმილს ერთი საოცარი თვისება აქვს: როდესაც თქვენ ვინმე გიღიმით, როგორც წესი თქვენც, საპასუხოდ უღიმით მას. თუ გინდათ მოიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა ნუ დაიზარებთ, გაუღიმეთ მათ და უმტეს შემთხვევაში საპასუხო ღიმილს მიიღებთ – გამოდმებით იმეორებს ყველა საჯარო ლექციაში სხეულის ენის ცნობილი სპეციალისტი ალან პიზი.
        ღიმილის ეს მაგიური თვისება ადამიანის ტვინის სპეციფირ, ე.წ. “სარკისებურ ნეირონებს” უკავშირდება.
   1992 წელს ცნობილმა იტალიელმა ნეირობიოლოგმა, პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რიზოლატიმ (Giacomo Rizzolatti) მაკაკებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ე.წ. “სარკისებრი ნეირონები” აღმოაჩინა. 
      რიზოლატის ექსპერიმენტები აჩვენებდნენ მანამდე უცნობ მოვლენას:  გარკვეული წყება ნეირონებისა აქტივირდებოდნენ მაშინ, როდესაც მაკაკები ხედავდნენ, როგორ იდებდა პირში საკვებს ადამიანი (ექსპერიმენტატორი). პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თავად მაკაკების მიერ საკვების მიღების დროსაც ზუსტად იგივე ნეირონები აქტივირდებოდნენ (Rizzolatti G., Fadiga L., Gallese V., Fogassi L. Premotor cortex and the recognition of motor actions. Cogn. Brain Res., 3 (1996), 131-141).
         რა ხდება ადამიანის შემთხვევაში?
        პასუხი ამ კითხვას 2009 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკო იაკობინიმ (Marco Iacoboni) გასცა. მან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურა, რომ ადამიანის შემთხვევაში “სარკისებრი ნეირონები”, პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ იმიტაციაზე, არამედ ემპატიაზე და სხვა ადამიანების განცდებისა და ქცევების გაგებაზე (Marco Iacoboni - Imitation, Empathy, and Mirror Neurons.  Annual Rev. Psychol. 2009. 60:653–70, University of California - Los Angeles).

    


სახის კუნთები, რომლებიც განაპირობებენ ღიმილს




გულწრფელი და არაგულწრფელი ღიმილი (სიცილი)

         პოლ ეკმანის (Пол Экман. «Психология эмоций. Я знаю, что ты чувствуешь»: Питер; СПб; 2010) მიხედვით, ღიმილი სასიამოვნო ემოციების განცდის სიგნალს წარმოადგენს. მხიარულება, სიამაყე, კმაყოფილება, აღგზნება, სენსორული კმაყოფილება, გაოცება, ნიშნის მოგება, ექსტაზი და სხვა, სიამოვნებასთან აფილირებული ემოციები სახეზე ღიმილის გამოხატვას გულისხმობენ. 
            ღიმილი ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს: 
ა) ინტენსივობით (იხრებოდეს ან გადადიოდეს სიცილში); 
ბ) სახეზე გაჩენის სისწრაფით (ნელ-ნელა გამოიკვეთოს სახეზე ან გაჩნდეს მყისიერად); 
გ) სახეზე დარჩენის ხანგრძლივობით; 
დ) სახიდან გაქრობის სისწრაფით (შესაძლოა ღიმილი დიდხანს იყოს სახეზე მაგრამ გაქრეს სწრაფად ან “ჩაქრეს” თანდათან).
          ძალიან ხშირად, ღიმილის აღქმის დროს, ადამიანები შეცდომას უშვებენ მის გულწრფელობაში და ტყუვდებიან. ერთის მხრივ იმის გამო, რომ ღიმილი სიამოვნებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ემოციას ახასიათებს. მეორე მხრივ, ღიმილი ადამიანის სახეზე შეიძლება გაჩნდეს მაშინაც, როდესაც ის სულაც არ განიცდის სასიამოვნო ემოციას და უბრალოდ, თავაზიანობის გამო იღიმება (ან მაგალითად არის იმგვარ სიტუაციაში, როსადაც ეტიკეტი მოითხოვს სახეზე ღიმილს და ა.შ.). ამრიგად, საკითხი იმის შესახებ, უშვებს თუ არა ადამიანი ღიმილის აღქმისას შეცდომას, უკავშირდება იმას თუ რამდენად სწორად ახდენს ადამიანი იმის ამოცნობას დგას თუ არა ღიმილის უკან სასიამოვნო ემოცია (ან ემოციები), გულწრფელია თუ არა ღიმილი (სიცილი).
            მაშ როგორ გავარჩიოთ გულწრფელი ღიმილი ან სიცილი არაგულწრფელისაგან ?
        1862 წელს ფრანგმა ნევროლოგმა დუშენ დე ბულონელმა (Duchenne de Boulogne) აღმოაჩინა, რომ გულწრფელ და მოჩვენებით ღიმილს შორის არსებობს ძნელად შესამჩნევი და მეტად ნატიფი, მაგრამ პრინციპული სხვაობა.
დუშენმა ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ გულწფელი სიხარულის ემოცია გამოწვეულია ყვრიმალის დიდი კუნთისა (Zygomaticus major) და თვალის ირგვლივი კუნთის (Orbicularis oculi) ერთობლივი შეკუმშვით (Duchenne de Boulogne,  G.  B.  1990. The Mechanism  of  Human  Facial  Expression. Translated  and  edited  by A. Cuthberston. New York: Cambridge University Press).
          დუშენის ექსპერიმენტებით აგრეთვე დადგინდა, რომ თვალის ირგვლივი კუნთი არ ექვემდებარება ადამიანის ნებას და ის იწყებს მოქმედებას (იკუმშება) მხოლოდ სიამოვნების ნამდვილი ემოციის აღძვრისას.  რაც შეეხება ყვრიმალის კუნთს, მისი ამოქმედება ადამიანის ნება-სურვილს ექვემდებარება. ამდენად ეს კუნთი ვერ განსაზღვრავს ადამიანის ღიმილი გულწფელია თუ მოჩვენებითი. 
        1980 წელს ეკმანამა გადაამოწმა დუშენის ექსპერიმენტები (Ekman, P., Roper, G. & Hager, J. С. 1980. «Deliberate facial movement». Child Development, 51: 886-891)  და იგივე შედეგები მიიღო. მცირეოდენი განსხვავება, რომელიც ეკმანის ექსპერიმენტებში დაფიქსირდა, მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანის ნება სურვილს არ ექვემდებარება თვალის ირგვლივი კუნთის გარეთა ნაწილი. 
         ეკმანი აღნიშნავს იმასაც, რომ  ადამიანთა მცირე ნაწილს (10%) მაინც შესწევთ უნარი აკონტროლონ თვალის ირგვლი კუნთის გარეთა ნაწილი. როგორც წესი უმეტესობა მათ შორის მსახიობები არიან.








გულწრფელი ღიმილის ნიმუშები





არაგულწრფელი (ჰოლივუდის) ღიმილის ნიმუშები





ერთი და იმავე ადამიანების გუწრფელი და არაგულწრფელი ღიმილი (სიცილი)



Комментариев нет:

Отправить комментарий